“გვიამბეთ თქვენს შესახებ”- როგორ ვუპასუხოთ ამ არასასურველ კითხვას გასაუბრებაზე

job-interview-jones

“გვიამბეთ თქვენს შესახებ” — ამ კითხვის გაგონება გასაუბრებაზე ძალიან ბევრი ადამიანისთვის უსიამოვნო მოულოდნელობაა და ხშირად დამქირავებლების არაპროფესიონალიზმს მიაწერენ (თუმცა საქართველოში არც უამისობაა). მაგრამ, ბევრი გამოცდილი HR მენეჯერი იწყებს გასაუბრებას ამ კითხვით რამდენიმე მიზეზით, და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როგორ რეაგირებს კანდიდატი მოულოდნელ სიტუაციებში. HR მენეჯერები ასევე ინტერესდებიან, თუ როგორი შთაბეჭდილების მოხდენის უნარი აქვთ კანდიდატებს და რამდენად თავდაჯერებულები არიან ისინი.

ბევრ კანდიდატს განსაკუთრებით ურთულდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ეს კითხვა იძლევა საშუალებას დადებითად აღწერო საკუთარი თავი და გასაუბრება საკუთარი ძლიერი მხარეების განხილვისკენ წაიყვანო.

რადგანაც ეს არის კითხვა, რომელსაც აუცილებლად დაგისვამენ გასაუბრების დასაწყისში, კარგად უნდა მოემზადოთ პასუხის გასაცემად. დაიმახსოვრეთ, რომ გამოცდილი HR მენეჯერი აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რის მოყოლას მიიჩნევთ თქვენ მნიშვნელოვნად.

ცუდი პასუხი 

კითხვაზე პასუხის გაცემის ბევრი სწორი გზა არსებობს, და მხოლოდ ერთი არასწორი — დაუბრუნოთ კითხვა “რისი გაგება გსურთ?” ამით თქვენ მიანიშნებთ, რომ მზად არ ხართ გასაუბრებისთვის და შესაძლოა ასევე არ იყოთ მზად არსებული ვაკანსიის დასაკავებლად. უნდა ჩამოაყალიბოთ კარგი პასუხი, წაივარჯიშოთ და შეძლოთ მისი გადმოცემა დინჯად და თავდაჯერებულად.

კარგი პასუხი

კარგი პასუხი მოიცავს ინფორმაციას, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს დამქირავებელს; ხაზს უსვამს თქვენს უმნიშვნელოვანეს მიღწევებს და არის საკმარისად მოკლე

გაამახვილეთ ყურადღება დამქირავებლის ინტერესებზე  → ჯეინ კრანსტონის, ამერიკელი კარიერული ქოუჩის თანახმად, “უდიდესი შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ გასაუბრებაზე არის იმის ფიქრი, რომ დამქირავებელს ნამდვილად სურს გაგიცნოთ როგორც პიროვნება. ამიტომ, ისინი იწყებენ იმის მოყოლას, თუ სად დაიბადნენ, რომელი სკოლა დაამთავრეს და ასე შემდეგ. ეს არასწორია. დამქირავებელს მხოლოდ იმის გაგება სურს, თუ რამდენად მოერგებით მის გუნდს, რა მიღწევები გაქვთ, სად მუშაობდით ბოლოს და რით შეგიძლიათ დაეხმაროთ ორგანიზაციას”.

ნენსი ფოქსი, Fox Coaching Associates-ის დამფუძნებელი გირჩევთ ბოლო სამუშაო გამოცდილებით დაიწყოთ საუბარი და ახსნათ, თუ რატომ არის თქვენი კანდიდატურა ვაკანტური პოზიციისთვის კვალიფიცირებული. ფოქსი მიიჩნევს, რომ ყველა წარმატებული გასაუბრების საფუძველი კანდიდატის კვალიფიკაციების შესაბამისობაა დამქირავებლის მოთხოვნებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “თქვენ ის უნდა გაყიდოთ, რასაც მყიდველი ყიდულობს”.

ხაზი გაუსვით თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებს  → გრეგ მაკა, 24/7 Marketing-ის დირექტორი სამსახურის მაძიებლებს ურჩევს დასამახსოვრებელი ამბების მოყოლას თავიანთი თვისებების შესახებ. მაგალითად, კარგი იქნება, თუ დამქირავებელს მოუყვებით რომ თქვენ მიგიჩნევენ შეუპოვარ ადამიანად, და მოყვებით ამბავს, რომელიც აჩვენებს რამდენად შეუპოვარი ხართ მიზნის მიღწევის დროს. “მსგავსი ამბები ძალიან ადვილად დასამახსოვრებელია”— ამბობს ის.

ყველაზე სწრაფად მოსაუბრე გინესის რეკორდსმენი ქალბატონი ფრან კაპო აღნიშნავს, რომ მთავარია გააკეთოთ ყველაფერი, რაც კარგად დაამახსოვრებს თქვენს კანდიდატურას გამსაუბრებლებს. როცა კითხვაზე “გვიამბეთ თქვენს შესახებ” პასუხობთ, თქვენი მიზანია იპოვოთ გზა, რომელიც სხვა ყველასგან გამოგარჩევთ.

ნუ ისაუბრებთ ძალიან ბევრს → მაურინ ანდერსონი, “The Career Clinic”-ის წამყვანი ყველაზე მნიშვნელოვნად მოკლე პასუხის გაცემას მიიჩნევს. “დამქირავებელს სურს ცოტა რამ შეიტყოს თქვენს შესახებ სანამ კითხვების დასმაზე გადავა, და არა — თქვენი ცხოვრების ისტორიის მოსმენა. შესთავაზეთ მხოლოდ 2-3 საინტერესო ინფორმაცია, და რაც მთავარია — სასარგებლო. დაახლოებით ერთი წუთი უნდა დაგჭირდეთ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.”

“კარგი იქნება თუ გასაუბრებამდე დაწერთ თქვენს პასუხს და ივარჯიშებთ იქამდე, სანამ ბუნებრივად არ გამოგივათ პასუხის გაცემა. შემდეგ კიდევ გააგრძელეთ ვარჯიში. თქვენი მიზანია დასაინტერესებლად საკმარისი ინფორმაცია მიაწოდოთ გამსაუბრებელს, მაგრამ არა იმდენი რომ თქვენი გაჩუმება ოცნებად გადაექცეს”.

ასე რომ, ნუ შეგაშინებთ ეს კითხვა, რადგან სწორად პასუხის გაცემის შემთხვევაში დიდი შანსია, რომ თქვენ იქნებით დამქირავებლისთვის სასურველი კანდიდატი.

წყარო: Business Insider

 

 

Comments

comments

Tags: , , , , , , , ,

Category: კარიერა

Comments are closed.