როგორ ვმართოთ პერსონალური ფინანსები

არსებობს საინტერესო ფსიქოლოგიური თეორია, რომლის მიხედვითაც, იმ ქვეყნებში, რომელთაც ისტორიის განმავლობაში ბევრი ომი გადაუტანია, მოსახლეობა ნაკლებად ახერხებს ფინანსური დანაზოგის გაკეთებას. ეს თეორია იმით იხსნება, რომ ამგვარ ქვეყნებში, მოსახლეობის კოლექტიურ აზროვნებაში ყოველთვის ფიგურირებს ომის, ან რაიმე სხვა სირთულის დიდი ალბათობა, რის გამოც, ადამიანები არ აწყობენ გრძელვადიან გეგმებს. საქართველო სწორედ ამგვარი ქვეყნების სიას შეგვიძლია მივაკუთვნოთ. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ გააჩნია არანაირი დანაზოგი (და ეს მხოლოდ დაბალი ხელფასით არ აიხსნება).

იმისათვის, რომ შესძლოთ ფულის დაზოგვა, საჭიროა დაზოგვის დადებითი მხარეების გააზრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თანამედროვე მსოფლიოში, ომებისა და სხვა ნეგატიური მოვლენების ალბათობა სტაბილურად იკლებს, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა იმატებს. აქედან გამომდინარე, მომავლისთვის დაგეგმვა მნიშვნელოვანია.

savemoney

ბევრი შემედავება და გაიფიქრებს, რომ საქართველოში ერთ სულზე საშუალო შემოსავალი დაბალია და ეს ძალიან ართულებს დანაზოგის გაკეთებას, თუმცა რთული არ ნიშნავს შეუძლებელს. სწორად შერჩეული სტრატეგიების გამოყენებით შესაძლებელია პერსონალურ ფინანსებში წარმატების მიღწევა. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის სხვადასხვა სტრატეგია შეიძლება იყოს გამოსადეგი. ქვემოთ მოყვანილი სტრატეგიები საკმაოდ მარტივი და ლოგიკურია, მაგრამ არც ისე ადვილია მათი შესრულება.

20-30 წლის შუალდეში, ადამიანები როგორც წესი ჯერ კიდევ ეძებენ თავის ნიშას და კარიერულ გზას. მათ ახალი დამთავრებული აქვთ უნივერსიტეტი, ან რაიმე სხვა სასწავლებელი და მათი შემოსავლების დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია, რადგან ჯერ დიდი სამუშაო გამოცდილება არ გააჩნიათ. ბევრი ჯერ კიდევ ეძებს სამსახურს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ასაკში ადამიანს ჩამოუყალიბდეს სერიოზული დამოკიდებულება პირადი ფინანსების მიმართ. ქვემოთ მოყვანილია 7 ფინანსური მცნება ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის:

1. შეიძინეთ სასარგებლო უნარები

სანამ ფულის დაზოგვას შეძლებთ, ჯერ ფული უნდა მიიღოთ. ეს შესაძლებელია მხოლოდ თუ ისეთი უნარები გექნებათ, რომლებიც დამქირავებლებს სჭირდებათ. შეიძლება უნივერსიტეტი გქონდეთ დამთავრებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი განვითარება აქ უნდა შეწყდეს. გაიარეთ ტრენინგები, მოსამზადებელი კურსები და ასე შემდეგ.

2. ჩამოაყალიბეთ ბიუჯეტი

დავუშვათ, დაიწყეთ მუშაობა და გარკვეული თვიური შემოსავალი გაქვთ. კომპიუტერი თუ გაქვთ (ამ სტატიას თუ კითხულებთ, ალბათ გაქვთ), გახსენით excel და უბრალოდ ჩამოწერეთ რა ხარჯებს ელოდებით ამ კონკრეტულ თვეში. ამ კალკულაციის ჩატარება ქაღალდის და კალმის გამოყენებითაც შეიძლება. მას შემდეგ, რაც ჩამოწერთ მოსალოდნელ ხარჯებს, დააჯამეთ ისინი და ჯამი გამოაკელით თქვენს თვიურ შემოსავალს. თუ მოსალოდნელი ხარჯები აღემატება შემოსავალს, პრობლემასთან გავქვს საქმე. ხარჯვას უნდა მოუკლოთ. ამოიღეთ ნაკლებად პრიორიტეტული ხარჯები თქვენი გეგმებიდან. პირველად მიზნად დაისახეთ, რომ თქვენი შემოსავლის 80%-ზე მეტს არ დახარჯავთ. თუ თქვენი თვიური შემოსავალი 500 ლარია (ხელზე), 400 ლარზე მეტი არ უნდა დახარჯოთ.

3. შეიმუშავეთ ვალის გადახდის გეგმა

საქართველოში სამომხმარებლო კრედიტის აღება, ან ჩვეულებრივი სესხება ნაცნობ-მეგობრებიდან ძალიან გავრცელებულია. ვალის არსებობა ყოველთვის იწვევს ნერვიულობას. თქვენივე სულიერი სიმშვიდისთვის შეეცადეთ პირველ რიგში ვალი გაისტუმროთ. ყოველთვიურად, დაზოგილი 100 ლარიდან (იხილეთ მე-2 პუნქტი), ნახევარი ვალის გასასტუმრებლად გადადეთ.

4. გახსენით ანაბარი ბანკში

Simple-Save-Money-Tipsსაქართველოში, საბანკო სისტემის ერთ-ერთი (ერთადერთი?) პლიუსი ისაა, რომ ვადიან ანაბრებზე საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებია და ვადის მიხედვით 4-დან 13.5%-მდე (1) მერყეობს. შედარებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი შემნახველ ანაბარზე 0.8%-ია. აშშ-ს მოსახლეობას უწევს საინვესტიციო ანაბრების გახსნა და ბირჟაზე თამაში, რომ წლიური 4-5%-იანი ზრდა მიიღონ თავის დანაზოგზე.

5. გამოიყენეთ დაგროვილი საპროცენტო განაკვეთის ძალა

ეს პუნქტი პირდაპირ კავშირშია მე-4 პუნქტთან. ვთქვათ, ყოველ თვე, 50 დოლარის ექვივალენტის ჩადება მოახერხეთ თქვენს საბანკო ანგარიშზე და 30 წლის განმავლობაში არც ერთი თვე არ გამოტოვეთ. თქვენი ბანკი წელიწადში 5%-იან განაკვეთს გიმატებთ. ფინანსური კალკულატორით გამოთვლის შემთხვევაში დავინახავთ, რომ ამ პირობით, 30 წელიწადში, თითქმის 42000 აშშ დოლარს დააგროვებთ. იმ შემთხვევში თუ ამ თანხას არ დადებთ შემნახველ ანაბარზე და უბრალოდ ქილაში შეინახავთ, ხელიდან გაუშვებთ დაგროვილი საპროცენტო განაკვეთის ძალას და მხოლოდ 18000 დოლარს დააგროვებთ. ეს მარტივი მაგალითი კარგი ილუსტრაციაა იმისა, რომ თუნდაც 5% წლიურ საპროცენტო განაკვეთს, გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენი დანაზოგის გაორმაგება, ან თუნდაც გასამმაგება შეუძლია. აქ გასათვალისწინებელია ინფლაციის დონე, თუმცა ეს დანაზოგის არსებობის მნიშვნელობას არ ცვლის.

6. დაეზღვიეთ

ბევრი ახალგაზრდა თანამშრომელი უარს ამბობს ჯანმრთელობის დაზღვევაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია, მცირე გადასახადის სანაცვლოდ, მისაღებ პაკეტებს სთავაზობს თავის თანამშრომლებს. სერიოზული ავადმყოფობისგან არავინაა დაზღვეული. არავის გისურვებთ, მაგრამ თუ დაგჭირდათ ექიმთან მისვლა, დაზღვევის გარეშე ეს საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ და შეიძლება მთელი თქვენი დანაზოგი ამოწუროთ. ჯანმრთელობის დაზღვევა ჭკვიანური გადაწყვეტილებაა

7. დაგეგმეთ თუ რისთვის ზოგავთ

განვავრცოთ მე-2 პუნქტში მოყვანილი მაგალითი, სადაც თვეში 100 ლარის დაზოგვას ვახერხებთ. იმედია, უკეთესი დაგეგმვით და ხელფასის პერიოდული მატებით, დაზოგილი თანხაც სტაბილურად გაიზრდება (წესად გაიხადეთ, რომ ხელფასის ყოველი ნამატის ნახევარი დანაზოგში გაუშვით). ამ 100 ლარიდან, ვალების გასტუმრების შემდეგ (თუ ისინი გქონდათ), უნდა გადაწყვიტოთ თუ რისთვის ზოგავთ თანხას. შეიძლება რამდენიმე მიზანი გქონდეთ. თითოეული მიზნისთვის შეგიძლიათ სხვადასხვა საბანკო ანგარიში გახსნათ. არ დაგავიწყდეთ მცირე სარეზერვო დანაზოგის ქონაც, რომელსაც მხოლოდ მოულოდნელ შემთხვევებში გამოიყენებთ.

ეს 7 პუნქტი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სტრატეგიებისა, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ. ისინი მიმართულია 20-30 წლის ასაკის ადამიანებისთვის, თუმცა სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვისაც შეიძლება იყოს გამოსადეგი. რა თქმა უნდა, ყველას სიტუაცია უნიკალურია და ყველასთვის ერთი და იგივე სტრატეგია ვერ იმუშავებს, თუმცა სათანადო დაგეგმვით წარმატების მიღწევა ისეთ რთულ სფეროშიც შეიძლება, როგორიც პერსონალური ფინანსებია.

 

Comments

comments

Tags: , , , , ,

Category: თვითგანვითარება, ფული

Comments are closed.