ზუსტად იცით გიღირთ თუ არა ტრენინგებში ფულის გადახდა?

Training_Sessionsდიდი ხანია უნივერსიტეტის განათლება მინიმალურ მოთხოვნად იქცა და თავის დასამკვიდრებლად ბევრად მეტი გახდა საჭირო. წარმატების მისაღწევად აუცილებელია მუდმივად იზრუნოთ თვითგანვითარებასა და ახალი უნარების შეძენა-დახვეწაზე. სწავლას მოწყურებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა ტრენინგ ცენტრების რაოდენობაც და დასაქმების ვებ-გვერდებზე ყოველდღიურად ქვეყნდება სხვადასხვა ტრენინგ კურსები, რომელთა ფასიც 30 ლარიდან იწყება და კონტენტის, ხანგრძლივობისა და სერთიფიკატის დონის/პრესტიჟის მიხედვით 2000 ლარამდეც აღწევს. ბევრი მათგანი უნიკალური და ინოვაციური მეთოდებით სწავლებას გვთავაზობს, მაგრამ როგორ გავარკვიოთ რა გვჭირდება რეალურად და რომელში გვიღირს ფულის გადახდა?

სანამ გადაწყვეტდეთ რომელი კურსი შეარჩიოთ, კარგი იქნება თუ რამდენიმე კითხვას გასცემთ პასუხს:

  • რისთვის გჭირდებათ ტრენინგი? თუ ცოდნის გაღრმავებით ხართ დაინტერესებული, პირველ რიგში უნდა მოიძიოთ ის უფასო წყაროები, რაც უხვად მოიპოვება ინტერნეტში და არ დაიზაროთ საკუთარ თავზე მუშაობა, რადგანაც ვერც ერთი ფასიანი კურსი ვერ მოგცემთ რეალურ ცოდნას თუ საკმარის დროს და ენერგიას არ დაახარჯავთ. თუმცა, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებას და გაცნობას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება. ტრენინგების უპირატესობა კი სწორედ ეს არის – მოგაწოდოთ თქვენთვის საჭირო მზა ინფორმაცია ორგანიზებული გზით და საჭირო ოდენობით მოკლე დროში. ხოლო, თუ კონკრეტული მიმართულებით უკვე მოახერხეთ ცოდნის დაგროვება და სერთიფიკატის მოპოვება გსურთ თქვენი ცოდნის დასადასტურებლად, მაშინ ეცადეთ ისეთ ტრენინგ-ცენტრს მიანიჭოთ უპირატესობა, რომელიც წლებია წარმატებით ფუნქციონირებს ბაზარზე და რომლის გაცემულ სერთიფიკატსაც წონიანად თვლიან დამქირავებლები. შესაძლოა რამდენიმე ასეთი შემოთავაზება იპოვოთ, ამიტომ კარგად გაეცანით თითოეულის პირობებს და ფასებს, და აუჩქარებლად მიიღეთ გადაწყვეტილება. თანაც გახსოვდეთ, ყველა ტრენინგზე შეიძლება გაიგოთ რამე ახალი, შეიძინოთ საჭირო კონტაქტები და საინტერესოდ გაატაროთ დრო.
  • რა მოლოდინი გაქვთ ტრენინგისგან? ტრენინგის არსი არ არის საფუძვლიანი და სრულყოფილი ცოდნის მოცემა. თუ თქვენ თვლით, რომ რომელიმე ტრენინგზე დასწრება საკმარისი იქნება არჩეულ მიმართულებაში პროფესიონალად ჩამოგაყალიბოთ, მაშინ თანხის გადახდის შემდეგ ცოდნაზე დიდ იმედგაცრუებას მიიღებთ. ხოლო, თუ გადაწყვიტეთ შეიძინოთ ახალი უნარები და გაიღრმავოთ ცოდნა რომელიმე სპეციფიკური მიმართულებით, მაშინ სწორ გზაზე დგახართ. ტრენინგი ასევე დაგეხმარებათ თქვენს მეხსიერებაში დიდი ხნის წინ დალექილი ცოდნის აღდგენასა და კრეატიულად გამოყენებაში.
  • როგორ აპირებთ მიღებული ცოდნის გაღრმავებას და გამოყენებას? ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას თუ არ გააღრმავებთ და არ გამოიყენებთ პრაქტიკაში, ჩათვალეთ რომ დახარჯული თანხა ქარს გაატანეთ. სასურველია ტრენინგზე მოსმენილი ყოველი ახალი ტერმინი და ფრაზა მოიძიოთ და მეტი წაიკითხოთ მის შესახებ, იმისთვის რომ მეტნაკლებად ბუნდოვანი წარმოდგენა მყარი ცოდნით შეცვალოთ. ასევე, როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნება მანქანის მართვის თეორიული ცოდნა, თუ არასდროს დაჯდებით საჭესთან? თუ პროფესია არ გაძლევთ საშუალებას სამსახურში გამოიყენოთ შეძენილი ცოდნა და უნარები, მაშინ იქნებ თავისუფალ დროს სცადოთ მათი გამოყენება, რაც არც ისე რთულია დღევანდელი ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის არსებობის პირობებში; მთავარია მონდომება და კრეატიულობა. რადგანაც დრო დახარჯეთ ტრენინგზე დასასწრებად, სავარაუდოდ თქვენი მომავლის გეგმები სულაც არ უკავშირდება დღევანდელ სამსახურს.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ გექნებათ პასუხი გიღირთ თუ არა თანხა გადაიხადოთ ტრენინგში. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ძვირიანი ყოველთვის არ ნიშნავს საუკეთესოს და არ დაგავიწყდეთ,  რომ ინტერნეტში მრავლადაა უფასო სასარგებლო ინფორმაცია და უფასო ონლაინ კურსები.

 

Comments

comments

Tags: , , , ,

Category: კარიერა, ტრენინგები

Comments are closed.