6 რჩევა ქართველ HR-ებს სამსახურის მაძიებლებისგან

055eb9cf4051fc0f_shutterstock_153117149.jpg.xxxlarge_2xხშირად გვხვდება სტატიები, სადაც HR-ები არ იშურებენ სასარგებლო რჩევებს სამსახურის მაძიებლებისთვის. მაგრამ არავინ დაინტერესებულა რა შედეგს მიიღებდა HR-ებისთვის სამსახურის მაძიებლებს და დასაქმებულებს რომ მიეცათ რეკომენდაციები.

კადრების შერჩევის პროცესში დაშვებული ხარვეზები და HR მენეჯერების არაპროფესიონალური მიდგომა საქმის მიმართ არა მხოლოდ სამსახურის მაძიებლებს აზარალებს, არამედ უარყოფითად აისახება კომპანიის კეთილდღეობასა და იმიჯზეც.

რის გაკეთება შეუძლიათ HR-ებს უფრო ეფექტური რეკრუტინგის ორგანიზებისთვის და სამსახურის მაძიებლებისთვის ბუნდოვანი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად? აი რას გირჩევენ გამოკითხული სამსახურის მაძიებლები:

  • ვაკანსიას სწორად შეურჩიეთ სახელი – ყველა პოზიციის გასწვრივ სიტყვა მენეჯერის მიწერა სხვა არაფერია თუ არა ტყუილი. გარდა იმისა, რომ თქვენთან მოსვლის შემდეგ კანდიდატი იმედგაცრუებული რჩება, სხვა კომპანიებსაც უფუჭებთ საქმეს და კვალიფიციური კადრები აღარ აგზავნიან მსგავსი დასახელების ვაკანსიაზე რეზიუმეს, იმიტომ რომ ყველა კომპანია ერთნაირად მატყუარა გონიათ. რატომ უნდა დაარქვათ გაყიდვების ან სარეკლამო აგენტს მენეჯერი, როცა მაგიდა და კომპიუტერიც კი არ გაქვს გამოყოფილი მისთვის, და არ ეყოლება არც ერთი დაქვემდებარებული თანამშრომელი? ან იქნებ ვინმემ ახსნას განვადების მენეჯერი რატომაა მენეჯერი.
  • გასაუბრება დიალოგია და არა მონოლოგი – რაც იმას ნიშნავს რომ მხოლოდ კანდიდატს არ ევალება თავი მოგაწონოთ. თქვენც ანალოგიურად უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ კარგი შთაბეჭდილებით გავიდეს ადამიანი თქვენი ოფისიდან მიუხედავად იმისა, მოგეწონათ ის თქვენ თუ არა. გადაწყვეტილებას მხოლოდ თქვენ არ იღებთ, ისიც ანალოგიურად წყვეტს უღირს თუ არა თავისი დრო და უნარები (პოზიციის მიუხედავად) თქვენი კომპანიის წინსვლას მოახმაროს.
  • ხელფასის გასაიდუმლოება ყოველთვის არ არის ეფექტური – შეიძლება ხელფასი არ მიუთითო განცხადებაში როცა მაღალ ანაზღაურებად პოზიციაზე აცხადებთ ვაკანსიას და გსურთ თავიდან აირიდოთ გამდიდრების მანიით შეპყრობილი, არაკომპეტენტური კანდიდატების ჯარი. ან კიდევმაშინ, თუ ეძებთ ისეთ სპეციალისტს, რომლის პოვნაც არ არის მარტივი და გსურთ ანაზღაურება შერჩეულ კანდიდატთან შეთანხმების საგნად დარჩეს. ამ შემთხვევაშიც, პირველ გასაუბრებაზე მაინც უნდა იცოდე დაახლოებით რა იქნება ანაზღაურება. სხვაგვარად გიწევს ბრძოლის გაგრძელება ისეთი რამისთვის, რაც არც კი იცი გინდა თუ არა. როგორც ჩანს, კომპანიების დიდი რაოდენობა მხოლოდ იმიტომ მალავს ხელფასის ოდენობას, რომ თვითონაც იციან 300-500 ლარზე 2 დიპლომიანი და 3 ენის მცოდნე კანდიდატი არ იმუშავებს, რომელიც ასე ჭირდებათ, რადგან ასეთი “პროდუქტი” ბევრად მეტი ღირს. ყველას აქვს დაწესებული მინიმალური ზღვარი, რომლის ქვემოთაც არ დათანხმდება სამსახურს. ხელფასის ოდენობის ცოდნა კი სამსახურის მაძიებლებს თავიდან აარიდებს უსარგებლო გასაუბრებებისთვის და ტესტირებებისთვის დროის ხარჯვას.
  • პატივი ეცით სხვის დროს – არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბევრი საქმე გაქვთ, თუ დაგეგმავთ გასაუბრებებს, გააკეთეთ ეს ორგანიზებულად და კორექტულად. თუ მხოლოდ საკუთარი და თქვენი ხელმძღვანელობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ, გაითვალისწინეთ რომ შესაძლოა კანდიდატის დრო თქვენსაზე მეტად ფასობდეს, და წინდაუხედაობის გამო კარგი კადრი დაკარგოთ.
  • კარგად მოემზადეთ – მომზადება საჭიროა ყველა ეტაპზე. ვაკანსიის განთავსებამდე ზუსტად უნდა გქონდეთ განსაზღვრული როგორი კადრი გჭირდებათ და რა იქნება მისი ფუნქციები/მოვალეობები. მსგავსი ვაკანსიის სხვისი შაბლონის გადაწერა ვერ გაპოვნინებთ კადრს, რომელიც სჭირდება თქვენს ორგანიზაციას. აუცილებელი მოთხოვნების ჩამოწერისას კარგად გაიაზრეთ თუ რამდენად გამოადგება დამლაგებელს ინგლისურის ცოდნა და სუპერ-მარკეტის მოლარე უმაღლესი განათლების გარეშე თუ მოახერხებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ასევე უნდა მოემზადოთ გასაუბრებისთვის და სწორად უნდა გქონდეთ კითხვები შერჩეული რომ შემდეგ სწორადვე შეძლოთ კანდიდატის შეფასება.
  • Waiting-for-Call-Back-Interviewგად-მო-რე-კეთ! ხომ მოახერხეთ 500 ადამიანის მოწვევა ტესტირებაზე? _ კი. ხომ დაურეკეთ 50 კანდიდატს გასაუბრებაზე მოსაწვევად? _ რა თქმა უნდა, აბა გულთმისნები ხომ არ არიან. ახლა გულწრფელად დაფიქრდით, ძალიან დიდ რესურსებს დაკარგავთ თქვენ და თქვენი კომპანია უარყოფითი პასუხის შემთხვევაში რომ დაურეკოთ კანდიდატს და ხანგრძლივი ლოდინით ტანჯვას გადაარჩინოთ? თუ ასეა, დამიკავშირდით და პირადად მე დაგეხმარებით შაბლონის დაწერაში, რომლის e-mail-ით გაგზავნას 50 კანდიდატთან რამდენიმე წუთი დასჭირდება.

 

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: ადამიანური რესურსების მართვა

Comments are closed.