6 ფრაზა რომელიც არასდროს უნდა უთხრათ თანამშრომლებს

close-mouth როცა მენეჯერულ პოზიციაზე ხართ  და თანამშრომლების მართვა გიწევთ, თქვენი მოთმინება ხშირად გადის გამოცდას დემოტივირებულ ან ურჩ თანამშრომლებთან ურთიერთობით. თუმცა პოზიციის მიუხედავად არც თქვენ ხართ უნაკლო; ზოგჯერ ყველა ჩვენგანი ამბობს ისეთ რამეს, რასაც ხშირად ნანობს შემდეგ. მაგრამ სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით მენეჯერებს მეტი სიფრთხილის გამოჩენა მოეთხოვებათ ვერბალური კომუნიკაციის დროს. არ გაქვთ იმის ფუფუნება დაუფიქრებლად მოიქცეთ სიბრაზისას, რადგან ყველაზე ნაკლებად თანამშრომლების დემოტივირება უნდა გსურდეთ, რასაც უფრო დიდი პრობლემების გამოწვევა შეუძლია ორგანიზაციისთვის.

ქვემოთ ჩამოთვლილია 6 ფრაზა, რომლის წარმოთქმაც ყოველთვის უნდა აირიდოთ თავიდან, განსაკუთრებით სიბრაზის დროს.  მომენტალურად წამოსროლილ ფრაზას შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენს რეპუტაციას და გაანადგუროს ნდობა, რომელიც თანამშრომლებს აქვთ თქვენს მიმართ, რის გამოსწორებასაც შესაძლოა მთელი ცხოვრება დასჭირდეს.

“უფროსი მე ვარ. გააკეთე რასაც ვამბობ.” აქ ყველანი ზრდასრულები ვართ. სულ ტყუილად მოელით რომ თქვენი თანამშრომლები უსიტყვოდ აიტანენ თქვენს დაუსრულებელ ფარისევლობას და მბრძანებლობას. თუ მათთვის საკუთარი თავისგან განსხვავებული სამუშაო სტანდარტები გაქვთ დაწესებული, მაშინ ძალიან ცოტაა იმის შანსი, რომ ისინი პატივისცემით მოეკიდებიან თქვენს დავალებებს.

“ძალიან გაგიმართლა რომ სამსახური გაქვს.” თუ მართლა ასე ფიქრობთ თქვენს რომელიმე თანამშრომელზე, იქნებ მაშინ თქვენ გაგიმართლათ რომ მუშაობთ. არავინ მუშაობს კარგად ისეთ გარემოში, სადაც თავს ისე აგრძნობინებენ თითქოს თავისი დამსაქმებლისგან რაღაცით იყოს დავალებული. თუ რომელიმე თანამშრომელთან ერთად შეუძლებელი ხდება მუშაობა, მაშინ მოეკიდეთ საქმეს პროფესიონალურად და შეურაცყოფის მიყენების გარეშე გადაჭერით ეს პრობლემა – მოძებნეთ გზა მის დასახმარებლად, ან აუხსენით რომ ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს და დაითხოვეთ. უხეში და მბრძანებლური მიდგომა თანამშრომლების მიმართ მიუთითებს თქვენში ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დეფიციტზე.

“თუ შენ არ მოგწონს ეს, ვიპოვი იმას ვისაც მოწონს” როგორც ხელმძღვანელს, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას აგდებულად ესაუბროთ თანამშრომლებს.  ყველას შეუძლია დაირქვას მენეჯერი ან უფროსი, მაგრამ კარგი მენეჯერი იზრუნებს თანამშრომლების მოტივირებაზე პროდუქტიულობის გასაზრდელად და შედეგების მისაღებად. კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად დაქვემდებარებულების დაშინება სამსახურის დაკარგვით ყველაზე არაეფექტური გადაწყვეტილებაა რისი მიღებაც შეუძლია მენეჯერს. მართალია, თავიდან შესაძლოა შეასრულონ თქვენი მოთხოვნა, მაგრამ თანდათან ისინი უფრო დემოტივირებულები გახდებიან  და მხოლოდ იმ მინიმუმს გააკეთებენ, რომელიც სამსახურის დაკარგვისგან იხსნით. და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსახურიდან თავად არ წავლენ.

“რატომ ხარ შენ ერთადერთი ვისაც ექმნება პრობლემა მუშაობის დროს?”  თუ ჩვენ ვსაურობთ თანამშრომელზე, რომელიც მუდმივად გეწინააღმდეგებათ და ექმნება პრობლემები სამუშაოს შესრულების დროს, მაშინ ყურადღება სასწრაფოდ უნდა გადაიტანოთ ამ პრობლემების მოგვარებაზე. თუ იმ თანამშრომელზე საუბრობთ, რომელიც მუდმივად მზადაა თანამშრომლობისთვის, მაგრამ გეწინააღმდეგებათ კონკრეტულ სიტუაციაში, იქნებ პრობლემა იმაშია რომ არ გსურთ მოისმინოთ მისი მოსაზრება თქვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ან მისი ალტერნატიული იდეები. ან იქნებ უბრალოდ მძიმე დღე ქონდა… რაც არ უნდა იყოს მიზეზი, არ მიიჩნიოთ რომ ცუდი განზრახვით გეწინააღმდეგებათ და არავითარ შემთხვევაში არ დაუსვათ ეს შეკითხვა. არასდროს შეადაროთ ერთმანეთს თქვენი თანამშრომლები. ეს იგივეა საკუთარი შვილები შეადაროთ ერთმანეთს — რაც ასევე ცუდი იდეაა.

“ამისთვის დრო არ მაქვს”  სერიოზულად ამბობთ? თქვენ ხართ ხელმძღვანელი და თქვენი მოვალეობაა დროის გამონახვა. თანამშრომლისთვის პირდაპირ უარის მიხლას ჯობს შეუთანხმდეთ და ახლო მომავალში გამონახოთ რამდენიმე წუთი მისთვის ყურადღებით მოსასმენად.

“წარმოდგენაც არ გაქვს რა არის სტრესი.” ყველა ადამიანს აქვს თავისი საკუთარი სტრესი. მხოლოდ იმიტომ რომ, თქვენ გადაწყვიტეთ თქვენი სტრესი სხვისას აღემატება, არ ნიშნავს რომ ეს ასეა და არ გაძლევთ უფლებას სხვისი სტრესი არაფრად ჩააგდოთ.

მართალია, შესაძლოა დიდი წვლილი მიგიძღოდეთ კომპანიის წინსვლაში, სადაც სავარაუდოდ დიდი ფულადი და დროის ინვესტიცია განახორციელეთ წარმატების მისაღწევად, მაგრამ თქვენი თანამშრომლების გარეშე კლიენტების მომსახურება და სხვა ფუნქციების შეთავსება ძალიან გაგიჭირდებათ. ახალი კადრების შერჩევას და გადამზადებას დრო ჭირდება; დრო კი საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა.

წყარო: Entrepreneur

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , ,

Category: HR, ლიდერები, მენეჯმენტი

Comments are closed.