როგორ დავიწყოთ ბიზნესი მცირე კაპიტალით?

1409778237-penniesdi

 

ხშირად მეწარმეებს გასაოცარი ბიზნესს იდეები აქვთ, მაგრამ მათი განხორციელება ვერ ხერხდება კაპიტალის უქონლობის გამო. ისინი ამტკიცებენ, რომ მათი გეგმა არასდროს  გამოვა თუ არ ექნებათ შესაბამისი კაპიტალი.

ყოველდღიურად უამრავი დამწყები მეწარმე იღებს მილიონობით დოლარის დაფინანსებას ვენჩურული კაპიტალის მქონე ფირმებისგან, ამასთან ზოგიერთი დამწყები მეწარმე მილიონობით დოლარს ხარჯავს და საბოლოო ჯამში იხურება, რაც იმას ნიშნავს რომ წარმატება კაპიტალის ოდენობაზე არ არის დამოკიდებული.

ქვემოთ მოცემულია რჩევები, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ გაართვათ თავი  შეზღუდული კაპიტალით დაწყებულ სამეწარმეო საქმეში არსებულ პრობლემებს.

 

  1. ეცადეთ სამეწარმეო საქმე იმ დარგში დაიწყოთ, რომელიც კარგად გესმით, რათა დამოკიდებული არ იყოთ სხვების გამოცდილებაზე და აზრზე. ეს მოგცემთ თქვენი საწარმოს ეფექტური მართვის საშუალებას. რაც მეტი იცით, მით უფრტო ნაკლებად საჭიროებთ სხვების კონსულტაციას თქვენს საქმეში და უფრო თავდაჯერებულად შეძლებთ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. დრო ფული ღირს, და ხშირად თქვენთვის საჭირო კონსულტაციებიც…

 

  1. გააგებინეთ ყველას თუ რას საქმიანობთ. რაც შეიძლება მეტ ადამიანს უთხარით თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს და ყოფილ კოლეგებს თქვენი ახალი წამოწყების შესახებ. მარკეტინგული თვალსაზრისით ეს ძალიან წაადგება თქვენს საქმეს. თქვენს ყოფილ ბიზნეს კონტაქტებს შეუძლიათ თავის კონტაქტებთან წარადგინონ თქვენი ბრენდი და არასდროს იცით რა ტიპის მხარდაჭერას ან შემოთავაზებას მიიღებთ მათგან.

 

  1. თავი აარიდეთ ისეთ ხარჯებს, რომელიც არ გჭირდებათ. დასაწყისისთვის უნდა იყოთ მაქსიმალურად ეკონომიურები, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები. მაგალითად, დასაწყისისთვის სავიზიტო ბარათების დასამზადებლად დახარჯეთ მინიმალური თანხა. შთაბეჭდილების მოსახდენად შეძენილმა ძვირადღირებულმა და პომპეზურმა ატრიბუტებმა შესაძლოა მარცხისკენ წაიყვანოს თქვენი ბიზნესი. დასაწყისში გონივრული ხელმომჭირნეობა ან უყაირათობა შესაძლოა ერთ-ერთი მნიშნელოვანი საბაბი გახდეს როგორც თქვენი წარმატების ასევე მარცხის.

 

  1. ნუ დაიდებთ ბანკის ვალს. მაგალითად ოფისისთვის შეიძლება დაგჭირდეთ ახალი კომპიუტერები, ავეჯი, ტელეფონები და სხვადასხვა ნივთი. ვალის დადების მაგივრად, კომპანიის შემოსავლიდან შეიძინეთ აღნიშნული ნივთები თანდათან. ეს უფრო გაგიმარტივებთ საქმეს და ვალებში არ დაიხრჩობით, რის შედეგადაც სტრესთან ბრძოლის ნაცვლად ბიზნესის წარმატებაზე ფიქრს მოახმართ დროს.

 

  1. გააკეთეთ მაქსიმუმი და ეცადეთ ყოველდღიურად პროგრესი განიცადოთ. ამისთვის არც ძალა უნდა დაიშუროთ, არც ენერგია და არც დრო. ეს თქვენი საქმეა და ყველაფერი უნდა გააკეთოთ რათა მიაღწიოთ წარმატებას. თქვენი თავდადება შედეგს აუცილებლად გამოიღებს. დაიმახსოვრეთ, დასაწყისში თქვენს საქმეს არავინ გააკეთებს თქვენს ნაცვლად, და ვერც თქვენზე უკეთ.

 

  1. გამოიყენეთ უფასო რეკლამა. ამის უამრავი გზა არსებობს. ეცადეთ რეკლამირება გაუკეთოთ თქვენს საქმეს უფასოდ ინტერნეტის და მეგობრების მეშვეობით. სოციალური ქსელები საუკეთესო საშუალებაა პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან საკონტაქტოდ და ინფორმაციის გასაცვლელად. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადგილობრივ მედიას და შესთავაზოთ თქვენი გამოცდილების/ექსპერტიზის გაზიარება მათი აუდიტორიისთვის — ეს თქვენივე კომპანიის PR-ისთვის იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა. ამით ძალიან ბევრ თანხას დაზოგავთ დასაწყისისთვის. მართალია რეკლამირება აუცილებელია, მაგრამ ამის დაწყებას უფასო ოპციებით გირჩევთ.

 

  1. მოემზადეთ წვალებისთვის. კაპიტალზე ბევრად მნიშვნელოვანია შრომა, შრომა და თავდაუზოგავი შრომა. როცა ბიზნესს მცირე კაპიტალით იწყებთ, წარმატების მისაღწევად თქვენი საქმე ძალიან დიდ ენერგიას, დროს და მოთმინებას მოითხოვს თქვენგან. დასაწყისისთვის ბიზნესის წარმატებაზე ფიქრის და სტრატეგიული გეგმის შედგენის გარდა, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ რამდენიმე როლის ერთდროულად შესრულება (მენეჯერი, ბუღალტერი, მარკეტერი, სეილსმენი) და ამაღელვებელ და საინტეერსო საქმიანობასთან ერთად ყოველდღიური რუტინული საკითხების მოგვარებაც დაგეკისრებთ.

 

ნუ მისცემთ კაპიტალის უქონლობას იმის საშუალებას, რომ თქვენი გეგმა არ განცხორციელდეს. მეწარმეობის დროს ძალიან ბევრი რთული და სტრესული სიტუაცია გექნებათ, მაგრამ ეს სამეწარმეო საქმის განუყრელი ნაწილია და თუ ბრძოლისთვის მზად არ ხართ და დიდ კაპიტალს ელით საოცნებო ბიზნესის ასაგებად, ოცნება ოცნებადვე დაგრჩებათ, რადგან წარმატებისკენ ყველაზე მოკლე გზა მძიმე შრომასა და შეუპოვრობაზე გადის.

 წყარო: Entrepreneur

Comments

comments

Tags: , , , , , , , , ,

Category: Start-up, ბიზნესი, სტრატეგია

Comments are closed.