თანამშრომელთა 5 ყველაზე აუტანელი ტიპი და მათი “მორჯულების” გზები

3RuznZ4KslFXxZASW9IiAcoJZju

ბიზნესის გაძღოლა გაცილებით ადვილი იქნებოდა, ხალხის მართვაც რომ არ იყოს აუცილებელი. რაც უფრო იზრდება თქვენი კომპანია, მით ნაკლები რჩება ალბათობა იმისა, რომ თანამშრომლებზე მეთვალყურეობა ადვილი იქნება. როგორც უფროსს, თქვენ ყოველთვის (ან თითქმის ყოველთვის) გაქვთ შესაძლებლობა, აღარ ითანამშრომლოთ მათთან, ვინც ფიქრობთ, რომ „ზედმეტია“ თქვენი კომპანიისთვის. ნიჭიერი ადამიანების პოვნა საკმაოდ რთულია და სანამ ამას გააკეთებთ, ღირს, რომ გარისკოთ და შანსი მისცეთ რთულ ადამიანებს უფრო ეფექტურად იმუშაონ თქვენი კომპანიისთვის.

როდესაც პიროვნებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვაწყდებით, ორ ძირითადად გზას მივმართავთ: ან ვუპირისპირდებით ადამიანს და მტრულად განვეწყობით მისდამი, ან თავს ვარიდებთ მას და პრობლემას ვამწვავებთ. ფაქტია, რომ მათგან არცერთი არის ეფექტური გზა და მითუმეტეს თქვენთვის, როგორც კომპანიის მმართველისთვის, არცერთი წარმოადგენს გამოსავალს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის ასისტენტ პროფესორის და წიგნის The Ecstasy of Surrender-ის ავტორის, ჯუდი ორლოფის თქმით, არსებობს უკეთესი გზა: „ნაცვლად იმისა, რომ იყოთ ზედმეტად მტკიცე და ლანძღოთ ვინმე, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საომარი კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა და მიმართოთ ის შემაწუხებელი თანამშრომლების ძალისხმევისკენ ისე, რომ ეს იყოს სასარგებლო, როგორც მათთვის, ისე დანარჩენი თანამშრობლებისათვის და ცხადია, თქვენი კომპანიისთვის.“
ორლოფი გვირჩევს დაველოდოთ საპასუხო რეაქციას — „ადამიანები ძირითადად რეაგირებენ მაშინ, როცა რაღაც აიძულებთ იმოქმედონ სხვის სასარგებლოდ. თუ ეს თქვენ შეგემთხვათ, შეისვენეთ, ჩაისუნთქეთ და თავი ხელში აიყვანეთ. შემდეგ კი უპასუხეთ მშვიდად და მტკიცედ. მთავარია, რომ „არ გაებათ მათ მახეში“. როგორც უფროსს, თქვენ მოგეთხოვებათ იყოთ სხვებისთვის მაგალითი.
ჯუდი ორლოფი გვთავაზობს ხუთი ყველაზე გამომწვევი პიროვნების ტიპს და გვაძლევს რეკომენდაციებს, თუ როგორ გავუმკლავდეთ მათ.
1. ნარცისები
როგორც ორლოფი ამბობს, ნარცისტებს აქვთ გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარი მნიშვნელობის შესახებ და მუდმივი ქებისა და ყურადღების მოთხოვნილება. „ისინი არიან ეგოცენტრულები (საკუთარ თავში დარწმუნებულები) და არ გააჩნიათ ემპათიის უნარი.“-განმარტავს ორლოფი. „უნდა გააცნობიეროთ, რომ ამ ტიპის ადამიანებს არ ადარდებთ სხვისი გრძნობები, რაც საკმაოდ დიდი დაბრკოლებაა სამსახურში.

ნარცისები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან ნებისმიერი კრიტიკისადმი და თავს მოვალედ თვლიან ჰქონდეთ მწვავე რეაქცია. „თუ თქვენ გინდათ, რომ ისინი უფრო პროდუქტიულები გახდნენ, მოგიწევთ გაიგოთ თუ როგორ გაუმკლავდებოდნენ სხვადასხვა საკითხს, ესაა ერთადერთი, რაზეც ისინი გიპასუხებენ.“
რა არის საუკეთესო ფუნქცია ნარცისი თანამშრომლისთვის? ორლოფის აზრით, ისინი უკეთ გაუძღვებიან მმართველ პოზიციებს, რადგან ნარცისტები საკმაოდ სერიოზულად და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ძალაუფლებას. ისინი ძირითადად კარგად მუშაობენ ამ თანამდებობებზე. „ნარცისები ამუშავებენ მსოფლიოს“- ამბობს ორლოფი.

 

2. პასიურ-აგრესორი ტიპები
„ისინი დაგპირდებიან, რომ დაგეხმარებიან პროექტზე მუშაობისას, თუმცა არ დაგეხმარებიან. ან მოვლენ 15 წუთით გვიან“-ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი. „პასიური აგრესიულობა სიბრაზის ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა არა სრული მნიშვნელობით.“ თქვენ შეგიძლიათ ცადოთ და გაიგოთ რა აბრაზებთ მათ, შემდეგ კი მოაგვაროთ პრობლემა. თუმცა, ჯუდი ორლოფი გირჩევთ, რომ არ ცადოთ. „ეს არის ხასიათის აშლილობა.“- განმარტავს პროფესორი.
კიდევ ერთი, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ, არის თქვენი რეაქცია ამ ტიპის ადამიანებთან ურთიერთობისას. პასიურ-აგრესორ ადამიანებს შეუძლიათ გაგრძნობინონ, რომ თქვენ არ ხართ ღირებული და ყურადღების ღირსი. მათ შეუძლიათ გაგაღიზიანონ ისე, რომ თქვენ ამას ვერ მიხვდეთ.
როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამ ტიპის თანამშრომლებს? ნარცისტებისგან განსხვავებით, მათ აქვთ ემპათიის განცდა. მათ ასევე უნდათ, რომ დაწინაურდნენ სამსახურში და თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ყველაფერი მათი მოტივაციის ასამაღლებლად. მოგიწევთ თქვენი მოლოდინების ძალიან გასაგებად ჩამოყალიბება. როგორც ორლოფი ამბობს, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, მკაფიოდ აუხსნათ რას ელით მათგან და როდის. მაგალითად, მსგავსი წინადადებებით: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად გამოცხადდეთ შეხვედრებზე.“ ალბათობა იმისა, რომ ისინი მაშინვე „დაიძვრენენ თავს“, როგორც კი ამის საშუალება ექნებათ, საკმაოდ მაღალია. ამიტომ, მოგიწევთ გარკვევით აუხსნათ რა გინდათ მათგან.
თუ გავითვალისწინებთ ჯუდი ორლოფის რეკომენდაციას, ამ ტიპის ადამიანები ისეთ სამუშაოებზე უნდა დავასაქმოთ, სადაც არის ძალიან კონკრეტული მითითებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ისინი ყველას გააგიჟებენ.“

 

3. ჭორიკნები
გარკვეული რაოდენობის ჭორაობა ნებისმიერ სამსახურშია, თუმცა თუ რომელიმე თქვენი თანამშრომელი ერთობა თქვენზე ან სხვებზე ცუდი ამბების გავრცელებით, ეს, რა თქმა უნდა, ზიანის მომტანია და სასწრაფოდ ზომებს უნდა მიმართოთ.
პირველ რიგში, ამგვარ ადამიანებს არ უნდა აყვეთ. არ მიიღოთ მონაწილეობა ჭორაობაში, არც ისეთში, რომლისთვისაც ყურადღების მიუქცევლობა რთულია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არ შეგატყონ, რომ გინდათ იცოდეთ რას ლაპარაკობენ თქვენზე, ან ისე განაწყოთ ადამიანები, რომ მხოლოდ კარგი ილაპარაკონ თქვენ შესახებ.
გარდა ამისა, კარგია თუ აუხსნით ასეთ ადამიანებს, რომ ჭორაობა სამსახურისთვის კარგი არ არის. „მათი ყურადღების ამაზე გამახვილება ოდნავ მაინ შეამცირებს ჭორაობას“ – ამბობს ორლოფი. კარგია თუ ამას გააკეთებთ, რადგან თუ არ გააკეთებთ, სიტუაცია უკონტროლო გახდება. ჯუდი ორლოფი გვირჩევს, რომ ვილაპარაკოთ ჭორებზე და კომპანიისადმი მის დესტრუქციულ ზემოქმედებაზე. „თუ თქვენ თანამშრომლებს აუხსნით რა არ არის კარგი კომპანიისთვის, ამით წაახალისებთ მათ, რომ მონაწილეობა არ მიიღონ ჭორების გავრცელებაში.“
ისიც აღსანიშნავია, რომ ჭორიკნებს ხშირად კარგი თვისებები აქვთ. „მათ უყვართ საუბარი, ასე რომ, თუ მათ მისცემთ შესაბამის ადგილს, სადაც შეეძლებათ ლაპარაკი, მათ შესაძლებლობებს კარგისკენ მიმართავთ“- თვლის ორლოფი.
4. სიბრაზეზე დამოკიდებულნი
ზოგიერთი ადამიანი სამუშაო დაძაბულობას შემდეგნაირად უმკლავდება: ბრალს დებს თანამშრომლებს, უყვირის სხვებს და ძირითადად, სიბრაზეს აფრქვევს. სწორედ თანამშრომელთა ამ ტიპთან ურთიერთობაა ყველაზე რთული.
არ მისცეთ მათ უფლება, თავისი გაიტანონ. „სიტუაცია საჭიროებს ჩარევას“- ამბობს ორლოფი. „ეს არის მიუღებელი ქცევა. მათ უნდა დაუწესოთ მკაცრი ლიმიტები და საზღვრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გაანადგურებს სამუშაო ადგილს.“
როგორც უფროსი, თქვენც უნდა გაემიჯნოთ გაღიზიანებას. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მათი უხეში გამოთქმები უადგილოა. შესთავაზეთ მათ ფსიქოლოგიური კონსულტაცია. გარდა ამისა, საჭიროა, აუხსნათ, რომ მსგავსი ტიპის ადამიანებს მომავალი არ აქვთ თქვენს კომპანიაში.

 

5. ადამიანები, რომლებიც თავს დამნაშავედ გაგრძნობინებენ
ამ ტიპის ადამიანები ხშირად აზვიადებენ. თუ თქვენ სხვა ადამიანს მათზე წინ დააყენებთ ან უფრო მეტად დააფასებთ მათ შრომას, ესენი აუცილებლად გეტყვიან, თუ როგორ გაანაწყენეთ ამით. მათ შეიძლება თავი დამნაშავედ აგრძნობინონ იმ თანამშრომლებსაც, რომელთა თვალშიც, მათი აზრით, აბუჩად აიგდეთ.
ჯუდი ორლოფი გვირჩევს, რომ ამ ტიპის ადამიანებს ვასწავლოთ უკეთ კომუნიკაცია. „მათ არაფერი იციან კომუნიკაციის შესახებ“- ამბობს ორლოფი. „ასწავლეთ გამოიყენონ სიტყვები „მე ასე ვგრძნობ“, ნაცვლად სიტყვებისა – „შენ მაგრძნობინე თავი ასე“. მხოლოდ ამ ტიპის სწავლება თუ დაეხმარება მათ. შესაძლოა, ისიც აუხსნათ, თუ რა გავლენას ახდენს მათი კომენტარები სხვა ადამიანებზე. ხშირად, ისინი ვერც კი აცნობიერებენ, თუ როგორ მოქმედებენ სხვებზე.
რა არის საუკეთესო ფუნქცია ასეთი თანამშრომლებისთვის? „მოარიდეთ ხალხს“-გვირჩევს პროფესორი. „მიეცით საშუალება, რომ იმუშაონ დამოუკიდებლად პროექტებზე.“

წყარო: INC 

Comments

comments

Tags: , , , ,

Category: ადამიანური რესურსების მართვა, მენეჯმენტი

Comments are closed.