რისი გაგება შეგიძლიათ ადამიანთან ხელის ჩამორთმევის დროს

Business handshake

ადამიანების ხასიათის ამოსაცნობად ხშირად ვიყენებთ საკუთარ ინტელექტს. რაც უფრო ჭკვიანი და გამჭრიახია ადამიანი, მით უფრო ადვილად შეუძლია სხვა ადამიანების ხასიათის ამოცნობა.

ბევრს მიუღია რჩევა მშობლებისგან ან სხვა კეთილისმსურველებისგან, რომ როცა ვინმეს ხელს ართმევენ, ეს ჩამორთმევა საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს. როდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომაა საჭირო “ხარისხიანი” მისალმება (ხელის ჩამორთმევის გზით)? ახალი მეცნიერული კვლევის შედეგები დეტალურად გვაცნობს ხელის ჩამორთმევის მნიშვნელობას.

კვლევა ჩაატარეს უილიამ ჩაპლინმა, ჯეფრი ფილიპსმა და სხვა კოლეგა პროფესორებმა. შედეგები გამოქვეყნდა ხასიათისა და სოციალური ფსიქოლოგიის ჟურნალში, ხოლო პოპულარული სტატია ამ კვლევაზე დაყრდნობით გამოქვეყნდა ჟურნალში “Psychology Today”. კვლევამ ნათლად დაადასტურა, რომ თქვენი ხელის ჩამორთმევის მანერა გავლენას ახდენს სხვა ადამიანების წარმოდგენაზე თქვენს შესახებ და პირდაპირ კავშირშია თქვენს რეალურ ხასიათთან.

კვლევის ფარგლებში, მკვლევარებმა დაატრენინგეს ოთხი მსაჯი ხელის ჩამორთმევის 8 მახასიათებელში, რომელთა შორისაც იყო ხელის ჩამორთმევის მოძრაობის დასრულებადობა, ხელის ტემპერატურა, სიმშრალე, ჩამორთმევის სიძლიერე, ხანგრძლივობა, მზერა ხელის ჩამორთმევის დროს, და ხელის კანის ზედაპირის ტექსტურა. ერთთვიანი ტრენინგის შემდეგ, მსაჯებმა შეაფასეს კვლევაში მონაწილე 112 სტუდენტის ხელის ჩამორთმევა. 112 სტუდენტიდან, გადანაწილება სქესის მიხედვით ზუსტად 50-50 პროცენტს შეადგენდა.

კვლევის დროს, მსაჯი იწვევდა სტუდენტს ლაბორატორიაში და ხელის ჩამორთმევით ესალმებოდა. ამის შემდეგ, მსაჯი უხსნიდა მონაწილეს, რომ ეს კვლევა მიზნად ისახავდა მათი პერსონალური მახასიათებლების გარკვევას სხვადასხვა გარემოში. შემდეგ მსაჯი სტუდენტს სთხოვდა შეევსო კითხვარი და ეპასუხა შეკითხვებისთვის თავისი ხასიათის შესახებ. კითხვარის შემდეგ, სტუდენტს აგზავნიდნენ სხვა ოთახებში, სადაც იგი იდენტურ პროცესს გადიოდა სხვა მსაჯებთან, რომლებიც მას ხელს ართმევდნენ და ხელმეორედ  კითხვარის შევსებას სთხოვდნენ.

როდესაც მსაჯები ხელს ართმევდნენ კვლევის მონაწილეებს, ისინი ფარულად აფასებდნენ მათ 8 კატეგორიის მიხედვით (ჩამორთმევის სიძლიერე, მზერა და ასე შემდეგ).

შედეგების გაანალიზების შემდეგ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ რვავე კატეგორია  პირდაპირპროპორციულ კავშირში იყო ერთმანეთთან — ანუ, ადამიანებს, რომელთაც ძლიერი და ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა ჰქონდათ, ასევე გააჩნდათ მოძრაობის დასრულებადობის მაღალი ალბათობა, ყოველთვის უყურებდნენ მეორე ადამიანს თვალებში, ხელის კანის სასიამოვნო ტემპერატურა და ტექსტურა ჰქონდათ და ასე შემდეგ. ის მონაწილეები, რომელთა ხელის ჩამორთმევაც სუსტი იყო, როგორც წესი, სხვა კატეგორიებშიც დაბალ ქულებს იღებდნენ.

მსაჯების შეფასებები ერთმანეთს ემთხვეოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანებს ხელის ჩამორთმევის თავისებური სტილი აქვთ, რომელიც არ იცვლება სხვადასხვა გარემოში. მონაწილეები, რომელთაც ძლიერი ხელის ჩამორთმევა ჰქონდათ, თავის თავს აფასებდნენ როგორც უფრო გახსნილებს, პოზიტიურებს და ნაკლებად მორცხვებს და ნევროტულებს, ვიდრე სხვა მონაწილეები. თვითონ მსაჯებმაც, რომლებიც აკვირდებოდნენ მონაწილეებს, დაადასტურეს, რომ ძლიერი ხელის ჩამორთმევის მქონე სტუდენტები უფრო პოზიტიურები, გახსნილები და ნაკლებად ნერვიულები იყვნენ.

ამ კვლევას მალევე დაერთო დამატებითი კვლევა, რომელმაც ასევე შეაფასა ხელის ჩამორთმევის “ხარისხი”, თუმცა ამჯერად კვლევა ჩაატარეს გასაუბრებაზე მოსულ აპლიკანტებზე. გასაუბრებაზე მოსვლის შემდეგ, აპლიკანტებს მოუწიათ 5 ადამიანთან ხელის ჩამორთმევა, ხოლო შემდეგ ისინი გადიოდნენ გასაუბრებას ადამიანური რესურსების მენეჯერთან. კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ ის აპლიკანეტები, რომელთაც ძლიერი ხელის ჩამორთმევა ჰქონდათ, ასევე გამოირჩეოდნენ კარგი უნარებით და გასაუბრებას უფრო თავდაჯერებულად გადიოდნენ.

 

წყაროები:

  • Bernieri, Frank J. Petty, Kristen N. (2011). The influence of handshakes on first impression accuracy. Social Influence, 6(2), 78-87.
  • Chaplin, W. F. Phillips, J. B. Brown, J. D. Clanton, N. R. Stein, J. L. (2000). Handshaking, gender, personality, and first impressions Journal of Personality and Social Psychology, 79,110-117.
  • Mayer, J. D. (2014). Personal intelligence: The power of personality to shape our lives. New York: Scientific American/Farrar Strauss & Giroux
  • http://www.psychologytoday.com/collections/201406/top-posts-june-2014/1-what-you-can-learn-handshake

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , ,

Category: ფსიქოლოგია

Comments are closed.