‘გააკეთე დანაპირებზე მეტი’ – კარგი რჩევა თუ ხაფანგი მეწარმეებისთვის

ახალი კვლევის თანახმად, მოლოდინის გადაჭარბებაზე ზრუნვას რეალური სარგებელი არ მოაქვს.

Brand-Strategy-Brand-Promise

ძალიან ცოტა ბიზნეს ტრუიზმი თუ არის ისეთი პოპულარული, როგორიც “შეპირდი ნაკლებს და გააკეთე მეტი”. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ კარგი იქნება თუ იმ ბიზნეს რჩევების მზარდ სიას მიემატება, რომლებიც უნდა უარყოთ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხშირად გესმით.

ეს დასკვნა მიიღეს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერმა აილეტ გნიზიმ და ჩიკაგოს ბიზნეს პროფესორმა ნიკოლას იპლიმ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც ამ ბოლოს გამოქვეყნდა ჟურნალში Social Psychological and Personality Science. დაპირებების გადაჭარბებით შესრულების შედეგების გასაანალიზებლად მკვლევარებმა შექმნეს ექსპერიმენტების სერია, რათა დაკვირვებოდნენ რესპოდენტების რეაქციას როცა ისინი იღებენ მეტს, იგივეს ან ნაკლებს – ვიდრე მოელოდნენ.

ერთ ექსპერიმენტში კვლევის სუბიექტებმა გაიხსენეს საკუთარი რეაქციები წარსულში მიღებული დაპირებების შესრულების, შეუსრულებლობის და მოლოდინის გადაჭარბების დროს. მომდევნო ექსპერიმენტში იგივე ადამიანები შეპირდნენ თავიანთ მეგობრებს კონკრეტული რაოდენობის დავალებების შესრულებაში დახმარებას. ნაწილმა ვერ შეასრულა დანაპირები, ნაწილმა – ზუსტად შეასრულა, ხოლო რამდენიმემ დანაპირებზე მეტი დახმარება გაუწია მეგობარს. შემდეგ მკვლევარებმა შეაფასეს მათი ქმედებების შედეგები.

რა გამოაშკარავდა ექსპერიმენტის შედეგად?

“თუ თქვენ იმაზე მეტს უკეთებთ მომხმარებლებს, ვიდრე სთავაზობთ, სავარაუდოდ სულ ტყულად ფლანგავთ რესურსებს. როგორც აღმოჩნდა მოლოდინის გადაჭარბებას არ აფასებენ” – განაცხადა იპლიმ.

თუ შედეგები გაოცებთ, იმით მაინც დაგამშვიდებთ, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი. იპლიც არანაკლებ გაკვირვებული იყო თავისი მიგნებით “გაოცებული ვიყავი იმის აღმოჩენით, რომ მოლოდინის გადაჭარბებას მადლიერების და დაფასების რეალური ზრდა არ მოყოლია. მოველოდი, რომ მცირედი პოზიტიური ეფექტი მაინც ექნებოდა მსგავს ქმედებას”. საინტერესოა, თუ რამ განაპირობა ადამიანების იმუნიტეტი მოლოდინის გადაჭარბების მიმზიდველობის მიმართ?!

იპლი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ დაპირება ისე აისახება ჩვენს გონებაზე, როგორც ერთგვარი კონტრაქტი, რომელიც გვიქმნის კონკრეტულ მოლოდინს. დაპირების მიღების შემდეგ, ჩვენ მტკიცედ მოველით მის ზუსტად შესრულებას, და არც კი ვუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ მეტს მივიღებთ. ამ მიზეზით, დანაპირების ზუსტად შესრულება აუცილებელია თქვენი რეპუტაციის შესანარჩუნებლად, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება იშვიათად თუ დაგიწერთ დამატებით ქულებს.

თუ ამ კვლევის შედეგების გჯერათ, მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის მისი გათვალისწინება შესაძლოა ძალიან ეფექტურ დროის და ფულის დაზოგვის საშუალებად იქცეს. რა თქმა უნდა, გსურთ გააბედნიეროთ თქვენი მომხმარებლები არაჩვეულებრივი სერვისის შეთავაზებით, მაგრამ ისედაც მცირე რესურსებს არაეფექტურად გაფლანგავთ, თუ მიიჩნევთ რომ ზედმეტის გაკეთება ამის საუკეთესო გზაა.

“გაამახვილეთ ყურადღება დაპირებების შესრულებებზე და არა – მოლოდინის გადაჭარბებაზე. სხვების მიმართ სამართლიანად მოქცევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ სამართლიანობის მიღმა ხელგაშლილობა არც იმდენად ფასდება, როგორც მოველით” — ასკვნის იპლი.

წყარო: Inc.

Comments

comments

Tags: , , , , , , , ,

Category: მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები

Comments are closed.