ნაყიდი პოპულარობა Facebook-ზე: ჭკვიანური სტრატეგია თუ უსარგებლო ტყუილი?

likes-for-saleალბათ შეამჩნევდით Facebook-ზე, თუ რა უცებ იხვეჭენ პოპულარობას   “გუშინ დაბადებული” პოლიტიკოსები, კომპანიები, თუ სხვადასხვა “ცნობილი” ადამიანები. რამდენიმე დღეში მოხვეჭილი ათასობით LIKE შეგიძლიათ მათ რომელიმე დამსახურებას ან კარგ სარეკლამო კამპანიას მიაწეროთ, მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის და პოპულარულ Facebook გვერდზე არსებული ფანების ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ არ არსებობს!

თუმცა ამ უწყინარ ტყუილს დადებითი მხარეც აქვს — ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ყვავის LIKE-ებით ვაჭრობის ბიზნესი საქართველოში. სიტუაციის გასარკვევად მცირე სადაზვერვო სამუშაოები ჩავატარეთ და გთავაზობთ ერთ-ერთ დიალოგს:12

13

თუ კარგად მოძებნით ძალიან ბევრ მსგავს “მეწარმეს” აღმოაჩენთ “ხარისხიანი” და “ეკოლოგიურად სუფთა” ლაიქებით და რომელიმე მათგანს იქნებ უფრო დაბალი ფასებიც გამოსტყუოთ. საინტერესო მხოლოდ ის არის, თუ რამდენად გჭირდებათ ამის გაკეთება და რამდენ ადამიანს სჯერა ბრმად რომ ყველასთვის საყვარელი და მოსაწონი პერსონა/კომპანია ხართ.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რისთვისაც “პოპულარული ადამიანები” და კომპანიები არ იშურებენ ასეულობით ლარის “გადაყრას”, სოციალურ ქსელში ახალი (ამჯერად ნამდვილი) ფანების შეძენაა, სხვაგვარად რომ ვთქვათ:  ნამდვილი პოპულარულობის მოპოვება. ყველა ახალი ფანი მათი პოტენციური ამომრჩეველი ან პროდუქტის/სერვისის მომხმარებელია.

ერთი შეხედვით არც თუ ისე ცუდი სტრატეგიაა, რადგანაც ადამიანების უმრავლესობა იმ პერსონას/კომპანიას მიიჩნევს უპირატესად და უფრო სანდოდ, რომელსაც ძალიან ბევრი იცნობს და ენდობა. მაგრამ, ასეთი სელებრითების და კომპანიების გასაკვირად, არსებობენ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებიც, რომლებიც საშიშროებას უქმნიან მათ ყალბ იმიჯს და “რეპუტაციას” გამოაშკარავების გზით. ;)

ამას Facebook-ის ადმინისტრაციის ახალი პრიორიტეტული მისიაც ემატება: გაწმინდონ ქსელი ყალბი პროფილებისგან და სპამებისგან. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი 500 ლარად შეძენილი 50,000 “ფანიდან” თანდათანობით ერთიც აღარ შეგრჩებათ.

ასე რომ, სანამ ქარს გაატანდეთ ფულსაც და იმიჯსაც, კარგად დაფიქრდით, იქნებ სჯობდეს სხვა (უფრო პატიოსანი) გზებით მოიმატოთ ფანები თქვენს გვერდზე სოციალურ ქსელებში.

Comments

comments

Tags: , , , , , , ,

Category: PR, ინტერნეტი, მარკეტინგი

Comments are closed.